საზღვრის უკანონო კვეთა: დაესწრება თუ არა სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილს ორი თვით სატელეფონო საუბარი აეკრძალა
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე.
აღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 16 ნოემბერს გაიმართა. პროცესს ექს-პრეზიდენტი არ დასწრებია, რადგანაც პენიტენციურმა სამსახურმა საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულის ეტაპირება არ განახორციელა, ექს-პრეზიდენტმა კი უარი განაცხადა ციხის საავადმყოფოდან სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში დასწრებაზე.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სავარაუდოდ, არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. აღნიშნულის მიზეზად ექს-პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
„გატყობინებთ, რომ ხვალ სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები პროცესს“, – ნათქვამია ექს-პრეზიდენტის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გააცნო.
სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა
სააკაშვილმა დაკავებისთანავე პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან, სადაც მისი ეტაპირება რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან განხორციელდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. საუბარია გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 11 წელს შეადგენს.