თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.
წარმოდგენილი ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო საჭირო 14 ხმა. ფარული კენჭისყრის შედეგად 13 ხმა მიიღო „ქართული ოცნების" კანდიდატმა ჯუმბერ იზორიამ, ხოლო მისმა კონკურენტმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის" შოთა წურწუმიამ - 12, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს, რადგან ორივე კანდიდატი გადახაზული იყო.
კენჭისყრაში 27 დეპუტატიდან მონაწილეობა 26-მა მიიღო.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა, ვინაიდან მმართველმა პარტიამ საკრებულოში 12 დეპუტატი გაიყვანა, მაგრამ უცნობია, ვინ მისცა „ოცნების“ კანდიდატს ხმა ოპოზიციიდან, რადგან კენჭისყრა ფარული იყო.
„ზუსტად ვიცი, ჩვენი გუნდიდან არავის გაუფუჭებია ბიულეტენი და არც „ქართული ოცნებისთვის“ მიუცია ხმა. გამოდის, ვიღაც 30 ვერცხლად გაიყიდა ოპოზიციიდან. ახლა, ხელახალი კენჭისყრისას, სადაც ჯუმბერ იზორია ერთადერთი კანდიდატი იქნება, ის ადამიანი ხომ მიიღებს მონაწილეობას და ავტომატურად იქნება გაყიდული. მან პირველ რიგში გადააბიჯა მოსახლეობის 68%-ს, რომელმაც მხარი დაუჭირა იმას, რომ ჩხოროწყუს საკრებულო ყოფილიყო ოპოზიციური", - განაცხადა ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა ენმ-დან ოთარ შენგელიამ.
თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ „ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი იმ ადამიანის სასარგებლოდ, ვინც უფრო ბევრს გააკეთებს ამ ქალაქისა და ჩვენი ქვეყნისთვის“.
ჩხოროწყუს საკრებულოს მორიგი სხდომა 16 დეკემბერს დაიშნა.
საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა დეპუტატების ხმების უმრავლესობა. ჩხოროწყუს საკრებულო შედგება 27 დეპუტატისაგან, მათგან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია (7 დეპუტატი აირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 7 - პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ერთი - „ლელოდან“).