საქართველოში ვიზიტით სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პოლიციის უფროსმა საქართველოს პრემიერთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილა.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური იუწყება, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცველ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, ასევე პარტნიორობა ტრანსნაციონალური დანაშაულისა და უსაფრთხოების სხვა გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა
„შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სომხეთის პოლიციის უფროსი ასევე შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.
სომხეთის პოლიციის უფროსი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება აგრეთვე გაამახვილეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე და ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე შეთანხმდნენ.