მსოფლიო დღეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს (Annalena Baerbock) თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„გულწრფელად ვულოცავ ანალენა ბერბოკს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროში, რომელიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება“, - დაწერა ზალკალიანმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
მანამდე კი ბუნდესტაგში გამართული კენჭისყრის შედეგად გერმანიის ახალი კანცლერი გახდა 63 წლის სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი. მას მხარი დაუჭირა 707 დამსწრე დეპუტატიდან 395-მა დეპუტატმა. ახლადარჩეულმა კანცლერმა ფიცი უკვე დადო.
გერმანიის ახალი მთავრობის შემადგენლობაში არიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის, „კავშირი 90/მწვანეების“ პარტიისა და თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. „მწვანეთა“ ლიდერმა ანალენა ბერბოკმა ახალ მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა.