სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული რვა პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 17:00-ზე დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული რვა იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.
გადმოსვენებულიდან ხუთი სამხედრო, ხოლო სამი სამოქალაქო პირია. ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო ოთხი პირი, ოჯახის გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რომელმაც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს მთლიანობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2.343 ადამიანი ითვლებოდა. 2010 წლიდან ქართულ მხარეს 598 ნეშტი გადმოეცა, საიდანაც 219 პირი ამჟამად უკვე იდენტიფიცირებულია.
წითელი ჯვარი: ქართული მხარისთვის გადმოცემული 598 ნეშტიდან 219 იდენტიფიცირებულია
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით 2010 წელს 1992-1993 აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.