მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო პირადი ცხოვრების შესახებ ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა ამჯერად გადაცემაში „The Talk შოუ“ მამასა და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„საუკეთესო მამის სტატუსს მამაჩემს ვერ მივანიჭებ, რადგან უკვე წლებია, რაც ონლაინ არის ჩემს ცხოვრებაში. სამი წლის ვიყავი, როცა წავიდა საცხოვრებლად აფრიკაში და იმის მერე ჩვენი კონტაქტი მხოლოდ ტელეფონითა და მეილით შემოიფარგლება“, – ამბობს ტელეწამყვანი.
მისი თქმით, თინეიჯერობის ასაკში უფრო გამძაფრებული ჰქონდა ეს წყენა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ამ წყენამ გაუარა.
„არ არის ეს ჩემთვის სასიამოვნო თემა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სანამ შვილი გამიჩნდებოდა, უფრო უკეთესი ურთიერთობა მქონდა. როგორც ადამიანმა, შეიძლება ვაპატიო რაღაცები, მაგრამ როგორც მშობელმა – ვერა“, – ამბობს მარიამ სანოგო მამაზე.
მარიამის რჩეული ოპერატორი გიორგი ლაშქარაძეა, რომელსაც ქორწინებამდე სამი წელი იცნობდა. წყვილის მეგობრული ურთიერთობა მარიამის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეოებზე კარგად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილია, ახალბედა მშობლები ვაჟს დამოუკიდებლად ზრდიან.