თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინირებული პირები „ბუსტერ-დოზის“ გაკეთებას მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ შეძლებენ.
ისინი კი, ვინც ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ით და Sinopharm-ით ჩაიტარა, მესამე ვაქცინის გაკეთებას ბოლო აცრიდან სამი თვის შემდეგ შეძლებენ.
ჯანდაცვის უწყებამ ასევე დააზუსტა 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაციის ვადები – პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 3-დან 12 კვირამდე განისაზღვრა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბუსტერად შეიძლება გამოყენებული იქნას იგივე ან სხვა ვაქცინა.
რაც შეეხება პრეპარატ AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.
ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.