თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. ევროკავშირი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განვითარებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით 8,44 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარებას გაუწევს.
ევროკავშირმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აამოქმედეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა (GESRP). პროგრამის ფარგლებში იგეგმება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების პოტენციალის გაძლიერება, ასევე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება.
„საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა 8,44 მილიონი ევროს ბიუჯეტით მიზნად ისახავს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე საზოგადოებრივი, სამრეწველო და საცხოვრებელი შენობების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე პროცესების მხარდაჭერას და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების შემდგომ წახალისებას“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება კანონმდებლობას ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხზე. რეფორმის ფარგლებში შეიქმნება სერტიფიცირებისა და ინსპექტირების სისტემა ენერგოაუდიტის მექანიზმის დანერგვის მიზნით, დაინერგება შესყიდვების ენერგოეფექტური სისტემა, განხორციელდება საჯარო შენობების ინვენტარიზაცია, შემუშავდება რენოვაციის გრძელვადიანი სტრატეგია და ა.შ.
პროექტი ოთხ წელზეა გათვლილი და მისი წარმატებით განხორციელების შედეგად საქართველო შეძლებს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის სექტორების ენერგოეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. პროექტი ასევე დაეხმარება განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და სათბური აირების გატყორცნის შემცირებას, ელექტროენერგიის კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას და ენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ენერგოდამოუკიდებლობა პროიორიტეტშია
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების განხორციელება ენერგეტიკის სფეროში მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის დასაწყისიდან ათ თვეში ელექტროენერგიის მოხმარებამ 12,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,8%-ით მეტია.
იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 10,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 8,7 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 72,1 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,7 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი, თურქეთიდან 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 505,7 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 382,7 მლნ კვტ/სთ.