თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. რუსეთში COVID-19-ის ახალი შტამის - „ომიკრონის“ ორი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება РИА Новости „როსპოტრებნადზორზე“ დაყრდნობით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორ პაციენტს, რომელსაც PCR-ტესტირების შედეგად ვირუსი დაუდასტურდა, „ომიკრონის“ შტამი აღმოაჩნდა.
ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, SARS-CoV-2 გამოუვლინდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოსულ ათ მგზავრს, თუმცა შტამი ჯერ არ არის დადგენილი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამს შემაშფოთებელი უწოდა. COVID-19-ის ახალ სახეობას - B.1.1.529-ს ჯანმომ ბერძნული ასო „ომიკრონი“ უწოდა. ჯერჯერობით მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალ ვარიანტზე ცოტა მონაცემია, თუმცა, როგორც ჩანს, ის საკმაოდ კონტაგიოზურია. მათი შეფასებით, საშუალო ინკუბაციური პერიოდი ხუთი დღეა.
მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარემ ფრანკ ულრიხ მონტგომერიმ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ შესაძლოა ებოლას ვირუსივით საშიში და „დელტა“ შტამივით გადამდები იყოს.