თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებულ პაციენტებში დაავადება COVID-19 უფრო მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებათა ქვედანაყოფის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ.
მანამდე ჯანმომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი შტამით მსოფლიოში ჯერჯერობით არავინ გარდაცვლილა.
„პირველადი მონაცემები მოწმობს, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს, როგორც წესი, დაავადება უფრო იოლად გადააქვთ, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით მაინც ძალიან ადრეა“, − განაცხადა კერკჰოვემ CBS-თან საუბრისას.
მისი თქმით, დაავადების იოლი ფორმა შესაძლოა ინფიცირების ადრეულ სტადიებს უკავშირდებოდეს.
„შესაძლოა გავიდეს რამდენიმე კვირა, სანამ ჩვენ დავადგენთ, [ინფიცირებულთაგან] რამდენს განუვითარდება დაავადების მძიმე ფორმა“, − აღნიშნა ექსპერტმა.
ამასთან ჯანმოს წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ ავადმყოფობის იოლი ფორმის მიუხედავად ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდოს, ჰოსპიტალიზებულებს „დასჭირდეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა და ზოგი მათგანი გარდაიცვალოს კიდეც“.
ვან კერკჰოვეს მიაჩნია, რომ ჰოსპიტალიზაციების რაოდენობის ზრდას სიკვდილიანობის ზრდაც მოჰყვება, რაც „დელტას“ გამო მსოფლიოში შექმნილი ისედაც რთული ვითარების ფონზე „ძალიან არასასურველია“.
ახალი შტამი B.1.1.529 ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. შტამის S-ცილა 32 მუტაციას შეიცავს. ბევრი მკვლევარის აზრით, SARS-CoV-2-ის გენომში ამდენი ცვლილება ამ ვარიანტის მაღალ გადამდებობასა და ანტისხეულებისადმი მედეგობაზე მეტყველებს. სავარაუდოდ, B.1.1.529 თავდაპირველად შიდსით ან აივ-ინფექციით დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანში განვითარდა.
ჯანმომ B.1.1.529 „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტად აღიარა და მას სახელად „ომიკრონი“ უწოდა ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „ომიკრონით“ შესაძლოა დაინფიცირდნენ ისინიც, ვინც უკვე გადაიტანა დაავადება და ისინიც, ვინც უკვე აცრილია კორონავირუსზე.