ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ პარლამენტს მილიონ ლარზე მეტი დაუზოგა

მიმდინარე წლის რვა თვეში ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი არ აუღიათ.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1.067.520 ლარი და 60 თეთრი დაუზოგა. ეს ინფორმაცია ქართველმა უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაავრცელა.
გასული წლის ოქტომბრიდან ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რითაც პროტესტი გამოხატეს არჩევნების შედეგების გამო. მათი აზრით, არჩევნები გაყალბდა.

„აღმოჩნდა, რომ ნაცების ბოიკოტით ბიუჯეტმა დაზოგა 1.067.520 ლარი და 60 თეთრი. ეს არის ერთადერთი ხეირი, რაც ბიუჯეტმა ნახა უხეირო ნაცების პარლამენტარობით“, – დაწერა კაკაბაძემ Facebook-ზე.

კაკაბაძის ორგანიზაციამ მონაცემები საკანონმდებლო ორგანოდან გამოითხოვა. საუბარია 2021 წლის თებერვალი–სექტემბრის პერიოდზე.
„ნაცმოძრაობა“ პარლამენტის მუშაობის ბოიკოტს იწყებს
დეპუტატების ანაზღაურება პარლამენტის რეგლამენტში მკაფიოდ არის გაწერილი.
დეპუტატის ხელფასი 4,6 ათასი ლარია. კომიტეტების თავმჯდომარეები და უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები 5,5 ათას ლარს იღებენ, პარლამენტის თავმჯდომარე კი - 6,7 ათას ლარს.
არასაპატიო მიზეზით ორი სხდომის გაცდენის გამო დეპუტატი ხელფასის 10%-ით ჯარიმდება.
თუ დეპუტატი პარლამენტის მუშაობაში ერთი თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას, მას ამ თვის ხელფასი დაექვითება.