თორნიკე შენგელია VTB United League-ს შემოდგომის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

შენგელია ამჟამად საქართველო-უკრაინiს თამაშში მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია გულშემატკივრების მიერ შედგენილ VTB United League-ს შემოდგომის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გულშემატკივრების ხმის მიცემა ისევ გრძელდება, მაგრამ შენგელიამ სიმბოლურ ნაკრებში მძიმე ფორვარდის პოზიცია უკვე გარანტირებულად დაიკავა.
ქართველი კალათბურთელის გარდა, ხუთეულში მოხვდნენ აგრეთვე: ლორენცო ბრაუნი (გამთამაშებელი, UNICS), ივან სტრებკოვი (შემტევი მცველი, „ნიჟნი ნოვგოროდი“), ანტონ ასტაპკოვიჩი (მსუბუქი თავდამსხმელი, „ნიჟნი ნოვგოროდი“). ცენტრისა და მწვრთნელის ადგილები კი ვაკანტური რჩება.
მსოფლიო–2023: საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა
VTB-ს ლიგის ამჟამინდელ გათამაშებაში „ცსკამ" 6 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ხუთში შენგელიამ მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ, ერთ თამაშში თავდამსხმელი აგროვებს 12,4 ქულას, 4,6 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას აკეთებს.
შენგელია ამჟამად მსოფლიო-2023-ის ფარგლებში საქართველო-უკრაინის თამაშში მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. სავარაუდოდ, ფორვარდი პარკეტზე დაბრუნებას 10 დეკემბერს, ლიტვურ „ჟალგირისთან" ევროლიგის მატჩში შეძლებს.
შენგელია „ცსკას“ შემადგენლობაში გასული ზაფხულიდან თამაშობს, სადაც ესპანური „ბასკონიიდან“ ექვსი სეზონის გატარების შემდეგ გადავიდა. 30 წლის ქართველ კალათბურთელსა და „არმიელებს“ შორის კონტრაქტის ვადა სამ წელზეა გათვლილი.