თბილისი, 5 დეკემბერი– Sputnik. საქართველოში ღამის კლუბების უსაფრთხო ფუნქციონირების დაწყების მიზნით შრომის ინსპექციის სამსახური აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ღამის კლუბების ასოციაციასთან (The Cultural and Creative Industries Union of Georgia), ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები დაიწყო 1 დეკემბერს - საქართველოში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ.
ასოციაციის წარმომადგენლებთან განხილულ იქნა საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის საკითხები. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც „მწვანე პასპორტებთან“ ერთად შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ივენთებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას.
აღნიშნული ინფორმაცია ინსპექციამ მიაწოდა სექტორში რეგისტრირებულ სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტს.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი, რეგულაციების გვერდის ავლით, კვლავ განაგრძობს არანებადართული ივენთების ორგანიზებას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, აღნიშნეს ინსპექციის სამსახურში.
შრომის ინსპექცია აფრთხილებს ბიზნეს-ობიექტებს, რომ რეაგირებას მოახდენს ყველა არანებადრთული ეკონომიკური საქმიანობის გამოვლენის ფაქტზე.
აღსანიშნავია, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს შრომის ინსპექციამ ღამის კლუბ „ხიდზე” აკრძალული გასართობი ღონისძიების გამართვის ფაქტი გამოავლინა, რის გამოც ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა და დაილუქა, რადგან შრომის ინსპექციამ აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის გააფრთხილა მასობრივი გასართობი ღონისძიების ჩატარების აკრძალვასთან დაკავშირებით.
კანონდარღვევის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ინდივიდუალური მეწარმე კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. ფაქტის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.