რატომ იღებდა მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატებს - ექიმის განმარტება

რაც შეეხება სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას, გოგორიშვილის თქმით, ის „არის დამაკმაყოფილებელი“.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატებს 2020 წლიდან, კორონავირუსის გადატანის შემდეგ იღებდა, განაცხადა პაციენტის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა.
მისი თქმით, ფსიქოტროპული პრეპარატები ექს-პრეზიდენტს დაუნიშნეს ძილის პრობლემების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ ციხეში მოხვედრამდე და შიმშილობამდე დაეწყო.

„2020 წელს ბატონმა მიხეილმა გადაიტანა კოვიდი და ჰქონდა გარკვეული პრობლემები ძილის, ჰქონდა დანიშნული გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები. ამ შემთხვევაში, საბაზისოდ იყო აღებული ის პრეპარატები, რომელსაც ის იღებდა. შემდგომ მკურნალობის პერიოდში, დაკვირვების შემდეგ (დანიშნულებამ - რედ.) განიცადა ტრანსფორმაცია“, - განმარტა გოგორიშვილმა.

სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა კომენტარი გააკეთა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანის დღევანდელ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.
მარიამ ჯიშკარიანი: სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, დაესწროს სასამართლო პროცესს
ადრე ცენტრის ექიმებმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში მოინახულეს.
„იმ ნევროლოგიურ სიმპტომატიკაზე, რომელიც ამჟამად გამოვლენილია - ე.წ. ვერნიკეს ენცეფალოპათია, შიმშილობის პერიოდში ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია. პრეპარატის მოხსნის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, სწორედ ამ ჩარევის შედეგად სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დასწრება შეძლო.
როდის გაწერენ სააკაშვილს ჰოსპიტლიდან და გადაიყვანენ ციხეში - მინისტრის განმარტება
რაც შეეხება სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას, გოგორიშვილის თქმით, ის „არის დამაკმაყოფილებელი“.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. მანამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის მე-12 ციხეში დააბრუნებდნენ, სადაც ის 1 ოქტომბერს დაკავებისთანავე მოათავსეს. ოპოზიციური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეტაპირება ერთ კვირაში მოხდება.
მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი ორ სისხლის სამართლის საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 9 წელს შეადგენს.