სოფელ ზეღდულეთში აქცია დასრულდა: ადგილობრივებმა ხელისუფლების შეთავაზება მიიღეს

ადგილობრივი მოსახლეობა სოფლისთვის საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქციებს სისტემატიურად მართავს.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობის აქცია დასრულდა, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები 2008 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების დაბრუნებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს დღეს ორჯერ შეხვდა შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე.
როგორც მჭედლიძემ განაცხადა, სოფლის მოსახლეობისგან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დაცული იყოს როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის, ასევე სოფლის მცხოვრებთა ინტერესები.

„ეს ძალიან რთული საკითხია. როგორც იურიდიულად ისე დოკუმენტურად... 2008 წელს მიწა გაიყიდა ინდოელებზე, შეეცვალა სტატუსი და საძოვრიდან გადავიდა სახნავ-სათესში. რამდენიმე თვის წინ კი ეს მიწა ინდოელებმა გაყიდეს და მას ახალი მფლობელი ჰყავს. შევთანხმდით, რომ ქუჩიდან პროცესი გადავა კაბინეტში. შეიკრიბება რამდენიმე კაცი, შედგება საინიციატივო ჯგუფი და ერთად მოვძებნით გამოსავლის გზებს“, – განაცხადა მჭედლიძემ.

გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დათანხმდნენ ადგილობრივი ხელისუფლების შეთავაზებას და აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს. აგრეთვე გადაწყდა, ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, მიწის ეს ფართობი არ დამუშავდება.
ადგილობრივებმა დღეს დილით აქცია ჯერ სოფელში გამართეს, ხოლო შემდეგ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალება სოფელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დღეს შეხლა-შემოხლაც მოხდა.
დავა სოფელ ზეღდულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფართობის მფლობელი მოსახლეობას დასაქმებასთან ერთად, სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემას სთავაზობს, თუმცა ამაზე არ თანხმდებიან, რადგან, როგორც მოსახლეობა განმარტავს, წლებია, ფართობს საძოვრებად იყენებენ.
როგორც გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბერიანიძე აცხადებს, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.