თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან გაწერა და ციხეში დაბრუნება ამ ეტაპზე არ იგეგმება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. მანამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის მე-12 ციხეში დააბრუნებდნენ, სადაც ის 1 ოქტომბერს დაკავებისთანავე მოათავსეს. ოპოზიციური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეტაპირება ერთ კვირაში მოხდება.
„ამ ეტაპისთვის გაწერა არ იგეგმება, ვინაიდან კვების აღდგენის გარდა პაციენტს ასევე სხვა საჭიროებები აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ჩაითვალოს სრულად ჯანმრთელად და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი გაწერა“, - განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.
მან ასევე გამორიცხა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. მისივე თქმით, პაციენტი საქართველოში ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს.
„მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ექიმებმა ვერ შეძლონ და ვერ მართონ იმ პაციენტის საჭიროებები, რომელიც შიმშილობს... აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გაგვივლია იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო პაციენტის გადაყვანა უცხოეთში და იქ გაგრძელებულიყო მისი მკურნალობა“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის დავალებით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილთან ყოველდღიური ვიზიტების საჭიროება არ არსებობს.
„ამ ეტაპზე ჩვენი ყოველდღიური ჩართულობა სავარაუდოდ საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, პირველივე აუცილებლობის შემთხვევაში გამოვცხადდებით. ყოველ ხუთ დღეში აუცილებლად ვნახავთ. საჭიროების შემთხვევაში, დღეში ორჯერაც“, – განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა ნინო შარაშენიძემ პაციენტის მონახულების შემდეგ.
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ზოგადი თერაპიული სტატუსი არის სტაბილური“, რაიმე განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს. ექს-პრეზიდენტი იღებს მყარს საკვებს და ყველა საჭირო მედიკამენტს.
მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი ორ სისხლის სამართლის საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 9 წელს შეადგენს.