თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, სხეულის დაზიანების და სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 44 წლის პირი, რომელიც სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა.
სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 38 წლის პირია ბრალდებულია. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი.
ასევე, 36 წლის ბრალდებულს თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა.
დაკავებულთა შორისაა 33 წლის პირი, რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა.
მათთან ერთად დაკავებულია 50 წლის პირი, რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.