თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევისთვის ჯერჯერობით არც ერთი ბიზნეს-სუბიექტი არ დაჯარიმებულა, განაცხადა შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა მაია მიქაძემ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, კოვიდ-პასპორტის ან QR–კოდის წარდგენა აუცილებელი გახდა რიგ ობიექტებში: რესტორნებში (ღია და დახურულ სივრცეებში), კაფეებში (ღია და დახურულ სივრცეებში), ბარებში (ღია და დახურულ სივრცეებში), კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.
ციფრული კოვიდ-პასპორტის გასააქტიურებლად მომხმარებელმა App Store-დან ან Google Store-დან უნდა გადმოწეროს აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს.
„მწვანე სტატუსის" არმქონე პირების მომსახურებისთვის ბიზნეს-ობიექტები დაჯარიმებას ექვემდებარებიან. კერძოდ, თუ ისეთი ობიექტის ტერიტორიაზე, რომელიც „მწვანე ზონას" მიეკუთვნება, დაუშვებენ „მწვანე სტატუსის" არმქონე პირს, პასუხისმგებლობა დაწესებულების ადმინისტრაციას დაეკისრება.
კანონდარღვევის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ინდივიდუალური მეწარმე კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. ფაქტის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
„შრომის ინსპექცია სხვა ზედამხედველ ორგანოებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, თუ რამდენადაა კოვიდ-აპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში. მონიტორინგის პირველ დღეებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ჯერჯერობით გამოკვეთილი ხარვეზები არ დაფიქსირებულა. ამ დროისათვის ხდება აპლიკაციის ობიექტებზე დანერგვა და შრომის ინსპექტორები დაწესებულებების ადმინისტრაციებს ადგილზე უწევენ კონსულტაციებს“, – განაცხადა მიქაძემ.
როგორ ვისარგებლოთ კოვიდ-პასპორტით
ყველა ადგილზე, სადაც კოვიდ-პასპორტის მქონე პირები დაიშვებიან, დამონტაჟებული იქნება QR–კოდის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობა, რომელთანაც პირმა უნდა მიიტანოს საკუთარი ელექტრონული მოწყობილობა Covidpass Georgia-ს გახსნილი აპლიკაციით.
კოდის წაკითხვისას გამოისახება შემდეგი ინფორმაცია:
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათი სახელისა და გვარის ინიციალებით
უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და დოკუმენტის ნომერი
აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება „მწვანე“ სტატუსს
რა ვადით აქვს პირს მინიჭებული „მწვანე“ სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია – როდის ეწურება პირს „მწვანე“ სტატუსი).
კოვიდ–პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-გადატანილ პირებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.