საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ოთხი წლის ვადით იქნება.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მადრიდში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოსთვის და ქართული ტურიზმისთვის.
„5 მიზეზი, რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“: ცნობილი გამოცემები ჩვენი ქვეყნის შესახებ
მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან საპატიო წევრობა, რადგან ამ ორგანიზაციაში 200-მდე ქვეყანა შედის, რომელთაგან მხოლოდ 35 ქვეყანა შეადგენს აღმასრულებელ საბჭოს, სადაც საქართველო ევროპის კვოტით არის დამტკიცებული.

„საქართველო ოთხი წლის ვადით იქნება საბჭოს წევრი და შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება. საქართველო, თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ისე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულილებით“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.