თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი იყო სადგურის ბაქნის სრულად გადახურვა, სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, ორი ლიფტის მონტაჟი და სპეციალური ბილიკების მოწყობა. მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა. მაგრამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან პრობლემები შეიქმნა.
„მეტრო „გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულლება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რაც გამოწვეულია რიგი პრობლემებიდან. ესაა კომპანიის პრობლემა, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მთავარი პრობლემა – უვარგისი ბაქანი, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი პროექტის შემუშავება“, – განაცხადა კალაძემ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურის სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად 2021 წლის 11 ნოემბერს კონტრაქტს ახალ კომპანია Mamison-თან მოაწერა ხელი.
რაც შეეხება ძველ კონტრაქტორ კომპანია Kaizen-ს, მას დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
სადგური „გოცირიძე" მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.