თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. არავაქცინირებული მოსახლეობის უმრავლესობას COVID-19-ის აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენების ეშინია. ეს დასახელდა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რატომ ამბობენ ადამიანები უარს ვაქცინაციაზე, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატისა" და გაეროს ბავშვთა ფონდის („იუნისეფის") ერთობლივ კვლევაში.
სწორედ გვერდითი მოვლენების შიში დაასახელა ვაქცინაციაზე უარის მიზეზად გამოკითხულთა 36,8%-მა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მსვლელობისას 1.996 ადამიანი გამოიკითხა. აქედან 1.033 სოფლის მცხოვრები 963 – ქალაქის. გამოკითხვის მონაწილეებმა დაასახელეს მიზეზები, თუ რატომ აჭიანურებენ ვაქცინაციას, ან რატომ არიან ამის კატეგორიული წინააღმდეგი.
რესპონდენტების 35,8% ვაქცინაციისგან თავს იკავებს, რადგან არ ენდობა უმოკლეს დროში შემუშავებულ და არასაკმარისად გამოცდილ პრეპარატებს.
გამოკითხულთა 32,1%-სთვის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.
13,9% არ ენდობა ვაქცინის კონკრეტულ მარკებს.
12,4% მიიჩნევს, რომ ვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს.
გამოკითხულთა 8,6%-სთვის მიზეზი ალერგიაა ზოგიერთ მედიკამენტზე, ხოლო 7,9%-ს იმუნიტეტის იმედი აქვს კორონავირუსის გადატანის შემდეგ.
ამას გარდა, გამოკითხულთა მცირე ნაწილი (4,6%) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საფრთხე გაზვიადებულია. კიდევ 2,6% დარწმუნებულია, რომ ვაქცინას მოსახლეობაზე ცდიან. 0,1%-სთვის ვაქცინაცია მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შეჩერება მხოლოდ მოსახლეობის მასობრივ იმუნიზაციას შეუძლია, მაგრამ ქვეყანაში აცრის ტემპი ძალიან დაბალია. ამ დროისათვის სრული ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 35,24%-ს აქვს ჩატარებული.
მთავრობის მიზანი კი წლის ბოლომდე მოსახლეობის 70-75%-ის აცრა იყო 60 წელს ზემოთ ადამიანების მაქსიმალური ვაქცინაციით.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ამ ზაფხულს. ბოლო დროს ყოველდღიურად ინფიცირების 3-5 ათასი შემთხვევა და 50-70 გარდაცვალება ფიქსირდება. კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საქართველოში ოქტომბერში ალაპარაკდნენ.