სხდომის დასაწყისში განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დამ, ასევე დეპუტატმა ნაზი ფუტკარაძემ.
ოფიციალური ვერსიით, ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ოპოზიცია ირწმუნება, რომ საკრებულოს ახლადარჩეულ წევრზე მმართველი პარტია ზეწოლას ახორციელებდა მისი გადაბირების მიზნით.
„დღეს ჩემს ძმას, როგორც საკრებულოს უხუცეს წევრს, უნდა გაეხსნა სხდომა... ეს არ იყო სიკვდილი, ეს იყო ჩემი ძმის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა, ზეწოლა, დაშინება და მისი სიცოცხლის მოსპობა. ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას“, — განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.
როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნატალია ზოიძემ განაცხადა, ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მისი თქმით, საკრებულოს შემდეგი სხდომა კანონის შესაბამისად დაინიშნება.
საკრებულოს სხდომის ჩაშლის გამო დეპუტატებმა თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა ვერ მოახერხეს.
ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.