გახარიას სტრატეგია: ექს-პრემიერის პარტიამ მიზანი გაამხილა

მთავრობის ყოფილი მეთაურის გუნდი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ძალების დაბალანსებას აპირებს.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" არ მიიღებს მონაწილეობას ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საკრებულოების თავმჯდომარეების არჩევასა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.
საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში დღეს ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები იმართება. ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული სისტემით გახარიას პარტიამ მესამე ადგილი აჩვენა „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ. ახლა გახარიას პარტიიდან დეპუტატების ხმები გადამწყვეტი იქნება იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც „ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" სადეპუტატო შემადგენლობას შორის სხვაობა მინიმალურია.

„მიზანი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი გეგმა, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩვენთვის მონიჭებული უფლებამოსილება – ვიმოქმედოთ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის უზრუნველსაყოფად, და იქ, სადაც ეს ბერკეტი გაგვაჩნია, არც ერთ პარტიას არ მივცეთ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად საკრებულოების მართვის და კრიზისის შექმნის შესაძლებლობა, არამედ პირიქით, ვიმოქმედოთ მუნიციპალიტეტის, იქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად", – განაცხადა სიჭინავამ ბრიფინგზე, სადაც პარტიის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტიას გადამწყვეტი ხმები აქვს, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატებს წარადგენენ. ეს მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში მოხდება.
„დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს გადამწყვეტი ხმები, თქვენ იცით, რომ ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში მონაწილეობას დღეს არ მივიღებთ", – განაცხადა სიჭინავამ.
„გახარია შეტევისთვის ემზადება": რატომ დუმს ექს-პრემიერი
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, სადაც გახარიას პარტიას გადამწყვეტი არა, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს იმისთვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავისი კანდიდატი დაასახელოს, ახლადარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომაზე წარადგენენ კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა პოზიციების დასაკავებლად.
გარდა ამისა, ყველა საკრებულოში, სადაც პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციებს შექმნის.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მათ „ქართულ ოცნებასა" და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ღია თანამშრომლობა შესთავაზეს მუნიციპალიტეტებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც უარი მიიღეს.
რაც შეეხება ბათუმს, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ პარტიის წევრები ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.