„5 მიზეზი, რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“: ცნობილი გამოცემები ჩვენი ქვეყნის შესახებ

Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია საერთაშორისო რეიტინგულ და გავლენიან გამოცემებში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიას აგრძელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში ცნობილი Conde Nast-ის ოთხ ონლაინ-გამოცემაში: Vogue France, Conde Nast Traveller UK, Conde Nast Traveller Spain და Architectural Digest Germany ნოემბერი–დეკემბერში საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ვრცელი სტატიები და ფოტორეპორტაჟები მომზადდა.
„5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ – ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს.
ამის პარალელურად ელექტრონული ჟურნალების სოციალურ გვერდებზე საქართველოს შესახებ სპეციალური პოსტები იტვირთება, სადაც ე.წ. „სთორი“ და ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ მოკლე ვიდეორგოლებია განთავსებული.
The Guardian: ტურიზმი ომალოს მივიწყებისგან იხსნის
რამდენიმე ენაზე დაბეჭდილ სტატიებში მიმოხილულია საქართველოს სამთო კურორტები – მესტია, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, ბახმარო, ზამთრის ტურიზმის ექსტრემალური სახეობებით. სტატიების საშუალებით მკითხველი გაეცნობა ქვეყანაში არსებულ სამთო ბილიკებს, რომლებიც რაჭას, სვანეთს, თუშეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებს მოიცავს.
სტატიებში აღწერილია ბალნეოლოგიური კურორტები: ბორჯომი, საირმე, წყალტუბო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, კულინარიას, ისტორიულ ძეგლებს, მცხეთას, სიღნაღს და ძველი თბილისის არქიტექტურას.
ტურიზმის ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტორეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები მსოფლიოში უდიდესი მედიაპლატფორმების ვებ-გვერდებზე განთავსდა.