თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. საქართველომ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 38-ე სხდომაზე თავმჯდომარეობა გადასცა მოლდოვას, რომელიც ორგანიზაციას 2022 წლის იანვრიდან უხელმძღვანელებს.
სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წელს უკვე მეორედ გაიმართა ვიცე-პრემიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თავმჯდომარეობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა 2021 წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობა და მიმოიხილა წლის მანძილზე, პანდემიის მიუხედავად, თავმჯდომარეობის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები.
მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, ასევე სუამ+ ფორმატების ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამი - რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც 1997 წელს საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ დააარსეს. ორგანიზაციის სახელწოდება მასში შემავალი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოებისგან - GUAM (Georgia, Azerbaijan, Moldova, Ukraine).