თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ ვაქცინის პირველი დოზით 60 წელს ზემოთ 51.757 ადამიანი აიცრა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ქვეყანაში 8 ნოემბრიდან ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 200-ლარიან დანამატს მიიღებენ ის პირები, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში აიცრება.
„გუშინ 13.603 აცრა ჩატარდა, საიდანაც 70% პირველი დოზით ვაქცინირებულ პირებზე მოდის. ძალიან კარგია, რომ ვაქცინის პირველი დოზით შედარებით მეტი ადამიანი აიცრა. მათ შორის, ვინც აცრა პირველად ჩაიტარა, 52% 60 წელს ზემოთ პირები არიან. ჩვენი სურვილია, რომ დეკემბერში კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან. ბოლო მონაცემებით, საქართველოში პენსიას იღებს დაახლოებით 793,5 ათასი ადამიანი.
თანხის ჩარიცხვის მექანიზმი ასეთია: ვაქცინირებულთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეწოდება თვეში ორჯერ – 1 და 15 რიცხვში. მონაცემების მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში ბენეფიციარს 200-ლარიანი ერთჯერადი საპენსიო დანამატი დაერიცხება.
მათ, ვისაც უკვე აქვს საპენსიო ანგარიში, თანხა მასზე დაერიცხება. ხოლო მათ, ვინც პენსიას არ იღებს, თუმცა 60 წელი შეუსრულდა, ანგარიშს „ლიბერთი ბანკში“ ავტომატურად გაუხსნიან.
ის ბენეფიციარები კი, რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.