თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ენგურჰესის" კაშხალზე ტურისტული კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის ინფო-ტური გამართა.
„ენგურჰესი" უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო კომპლექსია. „ენგურჰესის" კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარებას ისახავს მიზნად. კაშხლის სიმაღლე 271,5 მეტრია, სიგრძე – 728 მეტრი. ენგურის კაშხალი მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის.
ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანია „ენგურის ტურისტულმა ცენტრმა" პროექტის „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი – მსოფლიო დონის ატრაქცია" პირველი ეტაპის რეალიზაცია დაიწყეს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის განთავსება, ექსტრემალური ატრაქციების, რეგიონში ყველაზე გრძელი „ზიპლაინის" მოწყობა, ასევე სარეკრეაციო-გასართობი ზონების, ღია საკონცერტო სივრცის, სანაოსნო ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ტურის მონაწილეებს თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისთვის აქამდე მიუწვდომელი იყო. ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.
ამ დროისათვის „ენგურჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესზე" სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.