თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა იმ ადამიანების, კომპანიებისა და იდეების ჩამონათვალი, რომლებმაც 2021 წელს გლობალური ბიზნესი განსაზღვრეს.
ჩამონათვალში ბიზნესის, გართობის, ფინანსების, პოლიტიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში მოღვაწე ის 50 ადამიანი და იდეა შევიდა, „რომლებიც აღიარებას იმსახურებენ“.
სიის პირველ ადგილზე ბიზნესის წარმომადგენელი ვანესა პაპასია — TikTok-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი, რომლის დამსახურებადაც მიიჩნევა ის ფაქტი, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში აშშ-ში TikTok-ის ჩამოტვირთვა (34,6 მლნ) ბევრად აღემატებოდა მისი კონკურენტების — Instagram-ისა (17,7 მლნ) და Snapchat-ის (14,2 მლნ) ჩამოტვირთვებს.
რეიტინგის მეორე პოზიციაზე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, მესამეზე კი გასართობი ბიზნესის წარმომადგენელი, კორეული კომპანია Hube Co-ს დამფუძნებელი ბან ში-ჰიოკი განთავსდნენ.
გარდა ამისა, ჩამონათვალში შესულია ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის გენერალური დირექტორი ალბერტ ბურლა, რომლის კომპანიამაც BioNTech-თან პარტნიორობით შექმნა COVID-19-ის საწინააღმდეგო „მსოფლიოში ყველაზე მეტი რაოდენობით გაყიდული“ ვაქცინა.
Bloomberg-50-ის სიის ერთ-ერთი წევრია კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტიც — როგორც ყველაზე გულუხვი ფილანტროპი. განქორწინების შემდეგ მან დაახლოებით 8,6 მილიარდი დოლარი შესწირა 800-მდე საქველმოქმედო ორგანიზაციას.
ჩამონათვალში ასევე შევიდა აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი იუჯინ გუდმანი, რომელიც მიმდინარე წლის 6 იანვარს „85 წამის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას ამბოხებულებს და გაჰყავდა ისინი სენატის დარბაზიდან“, და ასევე მემების ფონდი. როგორც აღინიშნება, წლის დასაწყისში ტრეიდერებმა 150 მილიარდ დოლარზე მეტი დაამატეს GameStop-ის, AMC-ისა და სხვა 48 კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას.