თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისის არეულობის საქმის ერთ-ერთმა მონაწილე ბესიკ თამლიანმა ახალი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა.
თამლიანი 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, აქციაზე დააკავეს. მას წაუყენეს ბრალი პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.
ახალი ბრალდების საფუძველზე თამლიანს ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს თამლიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც მოსამართლე დავით კურტანიძემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ ბრალდებულმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
თავად თამლიანმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, და შიმშილობა გამოაცხადა.
„იძულებული გამხადეთ შიმშილობა გამომეცხადებინა, 55 დღეში თუ იქნება პროცესი, 55-ვე დღე ვიშიმშილებ”, - აღნიშნა ბესიკ თამლიანმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამლიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. 2019 წლის ივლისში ის ზურაბ ბუდაღაშვილთან, კახაბერ კუპრეიშვილთან და ცოტნე სოსელიასთან ერთად 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების მონაცემებით, თამლიანი მონაწილეობდა „ჯგუფურ ძალადობაში“, კერძოდ, „სხვადასხვა საგნების მეშვეობით დაკავებულები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ“. მოგვიანებით თამლიანი 4 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მისთვის წარდგენილი ბრალდებები (მონაწილეობა ჯგუფურ ძალადობაში, რომელმაც გამოიწვია ნგრევა, სხვისი ნივთების განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა) ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.