საქართველოს ეკონომიკის ზრდა გრძელდება – ახალი სტატისტიკა

2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში შეინიშნება.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – მშპ-ის ზრდამ ოქტომბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 6,9% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში წლის დასაწყისიდან 37%-ით გაიზარდა
ათ თვეში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,05% შეადგინა.
2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდა პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში შეინიშნება – გადამამუშავებელი მრეწველობა, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და სხვ.
შემცირება მხოლოდ მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა.
უპრეცედენტი ზრდა – ხელისუფლება კმაყოფილია
ათ თვეში ეკონომიკის ზრდის 10,5%-იან მაჩვენებელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწოდა „უპრეცედენტო არა მარტო რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში“.
ევროპის ბანკი ეკონომიკის აღდგენაში საქართველოს დახმარებას გააგრძელებს
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული პროდუქციის ექსპორტმა, რომელიც მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით იზრდება.
„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6,9%-ს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავაც ორნიშნა რიცხვებშია გამოხატული და 10,5%-ს შეადგენს. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში“, – განაცხადა თურნავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა საქართველოს ეკონომიკის სექტორების უმრავლესობაში დაფიქსირდა. მისი თქმით, განსაკუთრებით მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება გადამამუშავებელი მრეწველობა, აგრეთვე ლოგისტიკა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, რომლის აღდგენის ტემპიც საკმაოდ მაღალია.