საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება

საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღება გვიან შემოდგომაზე იწყება და 4 თვე გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოდან 8,3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 113%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 109%-ით გაიზარდა.
„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (5.153 ტონა), სომხეთში (2.221 ტონა), უკრაინაში (651 ტონა), მოლდოვაში (141 ტონა), ყაზახეთში (61 ტონა), სლოვენიაში (50 ტონა), ყირგიზეთსა (60 ტონა) და სხვა ქვეყნებში (39 ტონა).
აჭარაში „ნარინჯისფერი რთველის“ სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შექმნილია ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობას, ისე არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.
გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.
წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.