თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თუ COVID-19-ის ახალი შტამი „ომიკრონისგან“ არავინ გარდაიცვლება, მაშინ მისი გაჩენა შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მალე დასრულებაზე მეტყველებდეს, განაცხადა გამალეის ცენტრის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ვირუსოლოგმა ანატოლი ალტშტეინმა.
„თუ [„ომიკრონისგან“] სასიკვდილო შემთხვევები არ იქნება, მაშინ ეს ვირუსი პანდემიის დასასრულის მოახლოებას ნიშნავს, ვინაიდან ის ისე იქცევა, როგორც გადაგვარების გზაზე მყოფი — ერთ გენში 52 მუტაციით“, — განაცხადა მეცნიერმა.
მისი განმარტებით, ესოდენ ბევრი მუტაცია იმაზე მეტყველებს, რომ „ომიკრონს“ დისბალანსი აქვს გენეტიკურ სისტემაში და შესაძლოა ვირუსი იმდენად დაზიანებულია, რომ სერიოზული დაავადება ვეღარ გამოიწვიოს.
„მას შეუძლია გავრცელდეს, მაგრამ არ გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები“, — ხაზი გაუსვა ალტშტეინმა.
თუმცა, მეცნიერის თქმით, „ომიკრონის“ შესახებ დარწმუნებით მსჯელობა ჯერ კიდევ ნაადრევია, ვინაიდან შემთხვევების რაოდენობა მცირეა — ამ დროისათვის მსოფლიოში დაახლოებით 100 ადამიანია ინფიცირებული.
სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს აღმოჩენილ შტამ B.1.1.529-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში რამდენიმე ათეული მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ჯანმოს განცხადებით, „ომიკრონის“ გლობალურ დონეზე გავრცელების საფრთხე საკმაოდ მაღალია.