თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ნატო აქტიურად დააკვირდება ვითარებას რუსეთ–უკრაინის საზღვარზე და ამასთან ერთად განაგრძობს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
რიგაში ნატოს წევრი ქვეყნების სამიტი მიმდინარეობს, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.
„ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით ვითარებას [რუსეთ–უკრაინის] საზღვარზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყველა აუცილებელი გეგმა გვაქვს დამუშავებული. იმავდროულად განვაგრძობთ ჩვენი პარტნიორი უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, — უთხრა ჟურნალისტებს სტოლტენბერგმა.
კიევი და დასავლეთის ქვეყნები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად შფოთავენ უკრაინის საზღვართან „რუსეთის აგრესიული ქმედებების გააქტიურების“ გამო.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი თავის ტერიტორიაზე და საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებს ჯარების გადაადგილებას, ეს არავის უქმნის საფრთხეს და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა იღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, თუ მის საზღვრებთან არასტაბილური რეგიონი მდებარეობს.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაზარდეს სამხედრო აქტივობა შავ ზღვაზე. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შეერთებული შტატები რუსეთის საზღვრებთან ჯარების დაჯგუფების შექმნას ცდილობს, ხოლო ვაშინგტონის ერთ-ერთი მიზანი — უკრაინის სამხედრო ათვისებაა. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ აშშ სწავლობს სიტუაციას დონბასში იმ შემთხვევისთვის, თუ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება გადაწყდება.