თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა პირველი მოსმენით მიიღეს შესწორებები, რომლებიც მწეველებისთვის ახალი ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კანონპროექტების პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში 1 იანვრიდან ტაქსიში, საბაგირო გზებსა და კატარღებზე მოწევისთვის ადამიანი 200 ლარით დაჯარიმდება. შესწორებების მიხედვით, ტრანსპორტის ეს სახეობები განისაზღვრება, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
იგეგმება მოწევის აკრძალვა იმ კერძო ავტომობილშიც, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. ჯარიმა ასეთ შემთხვევაში 50 ლარით განისაზღვრება.
დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაც გაორმაგდება.
გარდა ამისა, 500 ლარამდე იზრდება ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე (50 მეტრის რადიუსში) გაყიდვის შემთხვევაში. ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. ამჟამად თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის ამ წესის დარღვევა 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
მოწევისა და თამბაქოს ნაწარმის ინტერნეტში პოპულარიზაციისთვის ჯარიმის ოდენობა 2-დან 5 ათას ლარამდე იქნება.
შესწორებები შედის კანონებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“. კანონპროექტების ინიციატორი არიან დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე.
კანონპროექტები სამმა - იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლება და ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო.
თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა, რაც მწეველთა რაოდენობის შემცირებას ისახავდა მიზნად. ამჟამად მოწევა აკრძალულია პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, გამონაკლისია კაზინოები და სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. ასევე შეუძლიათ მოწევა მსახიობებს სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.
მეორე მხრივ, მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი. ბოლო წლებში ერთი კოლოფი სიგარეტის ფასმა 1,5 ლარიდან 5,5 ლარამდე მოიმატა.
არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლიდან 2021 წლის გაზაფხულამდე საქართველში მწეველთა რაოდენობა 8%-ით შემცირდა.