ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2 ათასი ბავშვი სწავლის მიღმა რჩება

საქართველოს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში შემობრუნების სისტემა
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში 2000 ბავშვი სკოლაში არ დადის, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ოთხშაბათს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
2021 წლის დასაწყისში საქართველოს განათლების სისტემაში სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიკაციის სახელმწიფო პროგრამა.
საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობამ იკლო
„მოხდა იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც სისტემის გარეთ იყვნენ დარჩენილი. ამის სხვადასხვა მიზეზი იყო. მათი შემობრუნების მექანიზმი დაინერგა და ასეთი ბავშვების რაოდენობა 10 ათასიდან 2 ათასამდე შემცირდა“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მან აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას სკოლებში ბავშვების შემობრუნებაზე და ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
საქართველოს განათლების სამინისტრომ UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით უკვე შეიმუშავა სპეციალური სასწავლო გეგმა განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის.
გარდა ამისა, უწყება გეგმავს ინდივიდუალური შემთხვევის განხილვას განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან. ასეთი ბავშვები ჩაერთვებიან ფორმალურ განათლებაში ან მათ შესთავაზებენ სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
საქართველოში მოსწავლეების ინტერესების დაცვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა
მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა უწყების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოს პირველადი შედეგები და გამოვლინდა 6-16 წლის ასაკის 10.404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის საქართველოს მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ ჰქონდათ განათლების ისტორია და არ ირიცხებოდნენ განათლების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში. შემდეგ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 9.200 მოზარდამდე შემცირდა.
განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აქამდე ქვეყანაში განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები არ არსებობდა, ისევე როგორც არ არსებობდა საგანმანათლებლო გარემოში მათი შემობრუნების გეგმა ან მექანიზმი.