თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აცრა ჩატარებული აქვთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ არაღიარებული ვაქცინით, მათ შორის „სპუტნიკით", საქართველოში ჩამოსვლისას კოვიდ-პასპორტის აღებას შეძლებენ, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) „ცხელ ხაზზე".
მთავარი პირობაა – პირი სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული.
საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის შესახებ დოკუმენტი, საზღვრის კვეთის შემდეგ კი ციფრული კოვიდ-პასპორტის მისაღებად უნდა გაიარონ რეგისტრაცია პორტალებზე CovidPass Georgia ან moh.gov.ge.
ვებ-გვერდებზე უნდა აირჩიონ ინგლისური ენა და შეავსონ სპეციალური ფორმა პასპორტის ნომრის, გვარ-სახელისა და ტელეფონის ქართული ნომრის მითითებით. რეგისტრაციის დასრულებისთვის აუცილებელი იქნება ტელეფონის ნომერზე მოსული კოდის შეყვანა.
კოვიდ-პასპორტი იმ შემთხვევაში იქნება მოქმედი, თუ QR–კოდის ქვემოთ წარწერა მწვანე ფერის იქნება.
უცხოელები საქართველოში მხოლოდ ციფრული კოვიდ-პასპორტებით ისარგებლებენ და მათთვის კოვიდ-ბარათი არ გაიცემა.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.