უკანონო იარაღისთვის პოლიციამ 10 პირი დააკავა, მათ შორის - 77 წლის მამაკაცი

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანები, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 10 ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულთაგან ყველაზე ასაკოვანი 77 წლის მამაკაცია, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის ახალქალაქში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით „ტტ"-ს სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
ბრალდებულებს შორის ყველაზე უმცროსი 24 წლის მამაკაცია, რომლის ავტომობილის ჩხრეკისას, მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა, 1 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
იარაღი და საბრძოლო მასალები – ქვეყნის მასშტაბით 13 პირი დააკავეს
მესტიისა და ახალქალაქის გარდა სამართალდამცველებმა იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, მათ შორის წარსულში ნასამართლევი პირები მარნეულში, მცხეთა-მთიანეთში, თელავში, მარტვილში, ბათუმსა და ქობულეთში აიყვანეს.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.
ათივე ბრალდებულს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.