თბილისში ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოში უფრთხილდებიან ქართული დამწერლობის ტრადიციებს და პარალელურად კრეატიულად ავითარებენ თანამედროვე წერის კულტურას
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტის – „ანბანდიდის“, „გრაგნილის“ და „მედეას“ პრეზენტაცია გაიმართა, ნათქვამია ეროვნული არქივის Facebook-გვერდზე.
შრიფტები კალიგრაფმა დავით მაისურაძემ ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერების მიხედვით არქივთან და კომპანია „ჯეპრასთან“ თანამშრომლობით შექმნა.
ახალი შრიფტები შემუშავდა ისეთი შედევრების მოტივებზე, როგორიცაა IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, XVII საუკუნის ძეგლი „იაზონისა და მედეას ამბავი“.
პროექტი „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ მიეძღვნა ქართული დამწერლობის სამივე სახეობის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს. შრიფტების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ქართულ ენას აქვს უწყვეტი წერილობითი და ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთანავე წარმოიშვა (IV საუკუნეში). ის შეიქმნა არამეული და ბერძნული დამწერლობის გავლენით.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა უძველესი ქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან - ნუსხური (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან - მხედრული (სამოქალაქო) წერილი.