თბილისის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება

თბილისი ახალ წელს განახლებული ილუმინაციებით ხვდება
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები კომპანია „თბილსერვის ჯგუფმა" პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ტერიტორიაზე განახორციელა.
გუშინ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირადად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. მისი თქმით, მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების ანთება საზეიმო ვითარებაში 10 დეკემბერს მოხდება.
სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.
მატარებელი საჩუქრებითა და ახალი სათამაშოები: როგორ შეიცვლება თბილისი საახალწლოდ
„საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ნაძვის ხე აეწყობა. 10 დეკემბრისთვის მინდა, რომ ნაძვის ხე და ზოგადად, ქალაქში ილუმინაციები აინთოს. ჩვენი დედაქალაქი, როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზი იქნება. გარდა ამისა, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს სასიამოვნო დღეების გატარებას ვპირდებით. იქნება საახალწლო სოფელი, სადაც არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა კონცერტებით, გასართობი პროგრამით, საბავშვო ღონისძიებებით. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობა შეექმნას.
„ახალი წელი არის ახალი იმედების, სურვილების, სიკეთეების მომტანი. ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა გავატანოთ წარსულს და ახალი იმედებით უნდა შევხვდეთ ახალ 2022 წელს," - განაცხადა კალაძემ.
თბილისის ცენტრში ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოები 24:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ჩატარდა, რასთან დაკავშირებითაც პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო.
თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სამივე ტენდერის ჯამური ღირებულება 207.000 ლარია.