თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანოზაციების წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ფარული თვალთვალის შეწყვეტა მოითხოვეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ საზოგადოებრივი მოძრაობების „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ და ოპოზიციური პარტიების „ლელოსა“ და „დროას“ აქტივისტები.
აქციის მონაწილეები სუსის შენობასთან მივიდნენ პლაკატებით „ნუ გვისმენთ“, „დიდი ძმა გითვალთვალებს“. აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილის თქმით, პერმანენტული აქციები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე „სუსის სისტემა არ დაინგრევა“.
„აქ დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ ხელფასს ვუხდით იმისთვის, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება უზრუნველყონ და არა იმიტომ, რომ ჩვენ ტელეფონში ან საძინებელში გვითვალთვალონ“, – განაცხადა მაქარაშვილმა.
ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, 13 სექტემბერს გაავრცელეს. მედიის მონაცემებით, ინფორმაციამ სუსიდან გამოჟონა.
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
რაც შეეხება ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სიმართლის დადგენითაა დაინტერესებული და გამოძიების შედეგებს ელოდება.