დაკავებები სასამართლოსთან: ინსპექტორის სამსახური პოლიციის ქმედებებს იძიებს

პოლიციის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ამ დროისათვის 15 პირია დაკავებული.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სასამართლოსთან შეკრებილები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა.
„სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე“, - აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 ადამიანი დააკავეს
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე ასული ორი აქტივისტის ჩამოყვანას მოჰყვა, დაპირისპირების შემდეგ მომიტინგეებმა სასამართლოს ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გადაინაცვლეს და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
შსს-მ 15 პირი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც სასჯელის სახედ დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს, და 173-ე მუხლით (სამართალდამცველი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა), რაც სასჯელის სახედ დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.