თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდში“, რომელიც საქართველოში მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს მართავს, სხვადასხვა მიმართულების რეფორმა გატარდება, ხოლო მისი სტრუქტურა მთლიანად განახლდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, დაფუძნებული 2011 წელს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება - საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა.
„საპარტნიორო ფონდი“, როგორც ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბიზნესს დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმები სჭირდება, მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე „საპარტნიორო ფონდი“, თუმცა, უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და უახლოეს მომავალში მთავრობას განსახილველად წარედგინება. დეკემბერში საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეცემა.
კანონპროექტის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, „საპარტნიორო ფონდის“ რებრენდინგი მოხდება - მას „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა. ასევე, რეფორმის ფარგლებში შეიქმნება დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო.
„დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, რაც ანაქრონიზმია და თანამედროვე რეალიებს აღარ შეესაბამება. სხვა მსხვილ სახელმწიფო საწარმოებში, მაგალითად „ელექტროსისტემაში“, ჩვენ ვნიშნავთ დამოუკიდებელ დირექტორთა საბჭოს, რომელიც უფრო პროფესიული ნიშნითაა შერჩეული. აქაც იგივე მიდგომა იქნება გამოყენებული“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
დღეისათვის საპარტნიორო ფონდი მართავს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას, მათ შორის, საქართველოს რკინიგზას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას.
ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად. ფონდი ფუნქციონირებს ოთხ სექტორში - ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და უძრავი ქონების. ფონდის ფინანსური მონაწილეობა შემოიფარგლება პროექტის მთლიანი კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით. დანარჩენი კაპიტალი სტრატეგიული ინვესტორის მიერ იფარება.
„საპარტნიორო ფონდი" ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მრავალ პროექტს ახორციელებს, თითოეულის ღირებულება 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, 98 პროექტი დაფინანსებულია პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარზე მეტია.