COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო გაფრთხილებთ: „ომიკრონით“ ისინიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19

Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ადამიანები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19, შეიძლება კვლავ დაინფიცირდნენ კორონავირუსის ახალი შტამით – „ომიკრონით“, აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

„წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ „ომიკრონით“ განმეორებით ინფიცირების რისკი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს (ანუ ადამიანები, რომლებმაც მანამდე უკვე გადაიტანეს COVID-19, შესაძლოა დაინფიცირდნენ „ომიკრონით“), ვიდრე სხვა ვარიანტებით, რომლებიც ასევე იწვევს შეშფოთებას“, — ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ იქნება ხელმისაწვდომი.
სპეციალისტების თქმით, „ჯერჯერობით გაურკვეველია, არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო გადამდები (მაგალითად, უფრო იოლად გადაედება თუ არა ადამიანიდან ადამიანს) სხვა ვარიანტებთან, მათ შორის, „დელტასთან“ შედარებით“.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი ომიკრონ-შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება
ამასთან ორგანიზაციაში ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, განსხვავდება თუ არა „ომიკრონით“ ინფიცირების სიმპტომები სხვა შტამებით ინფიცირების სიმპტომებისგან.
ამ დროისათვის ჯანმო ვაქცინებზე „ომიკრონის“ რეაგირებას სწავლობს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ ვაქცინებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიკვდილიანობის შემცირებისა და დაავადების სიმძიმის კუთხით.
24 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529 დაფიქსირდა. ჯანმომ პარასკევს გამართულ საგანგებო სხდომაზე ახალი მუტაცია „შეშფოთების გამომწვევად“ აღიარა და ბერძნული ანბანის მეთხუთმეტე ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია ბელგიაში, ისრაელში, ავსტრალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდში და ა.შ. ყველა დაფიქსირებული შემთხვევა შეტანილია.