თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. კვირას რამდენიმე ასეული თბილისელი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე „არა კოვიდ ტერორს“ - მათ 1 დეკემბრიდან ქვეყანაში კოვიდ-პასპორტის სისტემის დანერგვა გააპროტესტეს, იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე–ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა–ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს–დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ–პასპორტის მქონე პირები შეძლებენ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
კოვიდ-პასპორტების საწინააღმდეგო აქცია თბილისში. 28.11.2021
© photo: Sputnik / Stringer
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს უჭირავთ პლაკატები: „არა კოვიდ-პასპორტებს“, „არა კოვიდ-ტერორს“, „არა ვაქცინაციას“.
„მწვანე პასპორტი არჩევანის თავისუფლებას გვართმევს. ჩვენ იძულებული ვართ ვაქცინაცია ჩავიტაროთ. ეს არის ტერორი", - აცხადებენ შეკრებილები.
დამსწრეთა უმეტესობა აქციაზე ნიღბების გარეშე მივიდა. არც სოციალური დისტანციაა დაცული.
კოვიდ-პასპორტების საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში. 28.11.2021
© photo: Sputnik / Stringer
აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირი მსვლელობით გაიარეს და პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ.
თბილისის პარალელურად, ანტივაქსერების საპროტესტო აქცია ქუთაისშიც გაიმართა.
კოვიდ-პასპორტების საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში. 28.11.2021
© photo: Sputnik / Stringer
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლი ყოველდღიურად 50-60 ადამიანი ხდება. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. საჭირო 20-25 ათასი აცრის ნაცვლად, ყოველდღიურად მხოლოდ 5-6 ათასი ადამიანი იცრება. ჯერჯერობით სრულად (ორჯერადად) აცრილია ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 34,8%.