როგორია ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა

64 წლის ვიტალი ტურძილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება - მას ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობა აღენიშნება
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 65 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება „პირველი არხი“.
უბედური შემთხვევა ტყიბულში გუშინ მოხდა. ერთ-ერთ ქვანახშირის კარიერზე მიწა ჩამოიშალა და ორი მამაკაცი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, მეორე მამაკაცი კი ქუთაისის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადაყვანილი.
64 წლის ვიტალი ტურძილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ქვანახშირის კარიერზე გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ორი მოქალაქე.
ტყიბულში მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
იმ კომპანიის ინფორმაციით, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვანახშირის მოპოვებას აწარმოებს, ადგილზე ნახშირის მოპოვება გაჩერებულია, თუმცა, პერიოდულად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და, სავარაუდოდ, დაშავებულებიც შახტში სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.