თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბათუმის „დინამო" ისტორიაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონი გახდა - ეს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოხდა.
საქმე ისაა, რომ ეროვნული ლიგის 35-ე, ბოლოსწინა ტურში მათმა უახლოესმა მეტოქემ, თბილისის „დინამომ“ გასვლაზე „სამტრედია“ ვერ დაამარცხა - შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
ამგვარად, თბილისის „დინამო” შავი ზღვის კლუბს უკვე ვერანაირად ვერ დაეწევა. ამ დროისთვის გუნდებს შორის სხვაობა ოთხ ქულას შეადგენს, ხოლო ბათუმის „დინამოს” რეზერვში კიდევ ორი თამაში აქვს.
მიმდინარე სეზონში მეტოქეები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ (ორ-ორჯერ შინ და სტუმრად) და ბათუმის „დინამომ“ სამჯერ დაამარცხა „დინამო“ თბილისი. კიდევ ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
კიდევ ერთი სტატისტიკური ფაქტი - ბათუმის კლუბმა თავის მოედანზე დედაქალაქელ ფეხბურთელებზე ხუთი ქულით მეტი დააგროვა.
ბათუმის „დინამო“ გახდა საქართველოს მე-10 ჩემპიონი ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში.