თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ კიდევ 600 ოჯახს გადაეცა, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ბარამიას ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.
უწყების ცნობით, დევნილ ოჯახებს ერთ-, ორ- და სამოთახიანი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. ამასთან, კორპუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
არსებული მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდში ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინა 1400 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად 89 დანგრევის პირზე მყოფი ობიექტი დაიხურა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით ახალი საცხოვრებელი 27 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.