მთაწმინდაზე „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება

ფესტივალზე 100-მდე მცირე საოჯახო საწარმო მონაწილეობს. ღონისძიება პანდემიის გათვალისწინებით, რეკომენდაციების წესების დაცვით იმართება.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება, ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 150-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს, მათ შორის 100-მდე მცირე საოჯახო საწარმოა.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს.
ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. მისივე თქმით, ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდასაჭერად.
„მცირე და საშუალო მარნებს საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღვინის წარმოებაში მცირე და საშუალო სეგმენტის განვითრების ხელშეწყობაა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით იმართება.
ფესტივალი ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ქვევრის ღვინოებს შორის კლუბის მიერ შეირჩა ნინო მღებრიშვილის საოჯახო მარნის „უსახელაური", რომელიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში 2010 წლიდან იმართება.