მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის სავალდებულო რეგისტრაციის დაწყების თარიღი შეიცვალა

ახალი კატეგორიის მართვის მოწმობის შემოღების შესახებ ცვლილებების პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია 2022 წლის 28 მარტიდან სავალდებულო ხდება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის მოპედების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, და აქამდე ცნობილი იყო, რომ ის სავალდებულო 1 მარტიდან გახდებოდა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შედეგად, მართვის მოწმობის ახალი კატეგორია AM დადგინდა, რომელიც მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს.
უწყების ცნობით, კანონის ძალაში შესვლიდან, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის მფლობელებს საშუალება ეძლევათ, დაირეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალება. გარდა მომსახურების სააგენტოს ერთეულებისა, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების საშუალებითაც.
მოპედებისა და კვადროციკლებისთვის მართვის მოწმობის ახალი კატეგორია დადგინდა
მოპედების, კვადროციკლების და მცირე სიმძლავრის მოტოციკლების მძღოლებისთვის ახალი კატეგორიის მართვის მოწმობის შემოღების შესახებ ცვლილებების პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა.
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტს მესამე მოსმენით 17 ნოემბერს დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება მოპედის მართვის მოწმობას, მისი აღება 16 წლიდან, მსუბუქი მოტოციკლის კი 17 წლიდან არის შესაძლებელი.
მოპედი მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრდა და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი.