თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი თურქი პოეტის იუნუს ემრესადმი მიძღვნილი გამოფენა იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში 30 ნოემბერს გაიხსნება.
გამოფენაზე „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ წარმოდგენილი იქნება 25 ნამუშევარი, რომლებიც დიდი პოეტის ლექსების შთაგონებით შეიქმნა. ყველა ექსპონატი სპეციალურად ამ გამოფენისთვის თურქეთიდან ჩამოიტანეს. ღონისძიებაზე ასევე იქნება წარმოდგენილი იუნუს ემრეს წიგნის ქართული თარგმანი.
იუნუს ემრე (1238–1321) თურქი ხალხის უდიდესი სუფი პოეტი იყო. მისი ლექსების მთავარი მოტივებია სიყვარული, პატივისცემა, ტოლერანტობა.
იუნესკომ 2021 წელი იუნუს ემრეს წლად გამოაცხადა პოეტის გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით.
გამოფენა ათი დღე გაგრძელდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან იუნუს ემრეს სახელობის ინტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.